logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "ევრო-სოც-იზოლირებული" ოცნება, ანუ ჩრდილიდან - ნაწილამდე!

07 მაი 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

სულ რაღაც ერთ თვეში, ქართული ოცნება, დიდი ალბათობით სოციალისტების ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს დაემშვიდობება. ეს არის ფასი, რასაც ივანიშვილის პარტია ორბანთან და ულტრა-მემარჯვენეებთან დღის წესრიგის გაზიარებისთვის გადაიხდის. ბევრმა შესაძლოა მოვლენების ასეთი განვითარება ოცნების იზოლაციონისტური პოლიტიკის დასაწყისად მონათლოს. სინამდვილეში ეს იზოლაციონიზმის დასასრულია, ანუ საქართველოს მმართველი პარტიის ევროპული პროექტიდან გამიჯვნა და პოლიტიკური გეზის რუსეთისკენ შებრუნების საბოლო გაფორმება და აი რატომ:

ევროპის სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ოჯახი, რომლის ნაწილიც ჯერ კიდევ არის ქართული ოცნება, დღემდე ივანიშვილისა და მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ კრიტიკის, სადამსჯელო ნაბიჯების და სანქციების მთავარ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს. ის, რომ ევროკავშირში ოცნების მთავრობას ლეგიტიმურად აღიარებენ და მასთან თანამშრომლობენ სწორედაც რომ სოციალისტების დამსახურებაა, რომლებიც ეფექტურად აბალანსებენ ნაცმოძრაობის მოკავშირე, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციის - ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკას, რომელიც ივანიშვილის გუნდთან მიმართებაში გამორჩეულად მკაცრია. რამდენად არაადეკვატური და მეტიც, სულელური ნაბიჯია ოცნების მხრიდან შიდაპოლიტიკური, თუ ელექტორალური მიზნებიდან გამომდინარე სოც-ინტერნზე უარის თქმა მემარჯვენე რადიკალური დღისწესრიგის სანაცვლოდ და ამით ევროპის სიდიდით მეორე პოლიტიკური ოჯახის გადამტერება, ამას თემაში ჩაუხედავი ადამიანიც მიხვდება. რეალურად კი საქმე გვაქვს ქართული ოცნების რუსულ ოცნებად გარდაქმნის ბოლო ფაზასთან, რომელიც მმართველი პარტიის "ორბანიზაციაში" და ანტიევროპულ, ულტრა-მემარჯვენე რადიკალებთან დაახლოებაში უნდა გამოიხატოს, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.

ის, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ბუდაპეშტში, ევროპული პოლიტიკის პირდაპირი შეურაცხყოფაა და დემოკრატიულ სამყაროში უკიდურესად სამარცხვინოდ მიიჩნევა. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ არც ოცნებას და არც ღარიბაშვილს არანაირი იდეოლოგიური ღერძი არ გააჩნიათ. ის უპრობლემოდ იქნება კონსერვატორიც, სოციალისტიც, ლიბერალიც ერთად, ან ცალ-ცალკე, თუ ეს ივანიშვილს დასჭირდება. ახლა უკვე ევროპულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაინახა ნათლად და გაითავისა, რომ საქართველოს მართავს პოლიტიკური გუნდი, რომელსაც არანაირი იდეოლოგიური ღერძი არ გააჩნია და ყოველგვარი პოლიტიკური ორიენტაცია არეული აქვს. როდესაც სახელისუფლებო პარტია ხარ და პოლიტიკური ოჯახიდან გრიცხავენ, ეს ევროპული პოლიტიკიდან გარიცხვის და შენი კეთროვნად გამოცხადების ტოლფასია, რაც ავტომატურად ამცირებს საქართველოსთვის, ანუ კეთროვანი პოლიტიკური ძალის მიერ მართული სახელმწიფოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობას. და თუკი ასეთი მაინც მოხდება, და იმედია ასეც იქნება, ეს არა ხელისუფლების დამსახურების, არამედ გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობის და ქართველი ხალხის ნებისა და აქტიურობის შედეგი იქნება. ბრიუსელს კი კიდევ უფრო მკვეთრად მოუწევს ქვეყნის პრორუსული მმართველი პარტიისა და პროდასავლელი მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

მანამდე კი ევროპელების კრიტიკის პარალელურად, კრემლის ქებას სულ უფრო ხშირად ვიმსახურებთ. როდესაც ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან ღიად თქვა რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით მისთვის მისაბაძი ქვეყანა ჩვენი მეზობელი სომხეთი იყო. სამწუხაროდ, რუსეთთან ლოიალობის კომპონენტში სომხეთსაც გადავასწარით. მარგარიტა სიმონიანი კი, კალაძის განცხადებებისა და თბილისის ცენტრში, ოცნების მიერ მოწყობილი მიტინგის რუსული გზავნილების ფონზე  ოცნებობს "სომხები ნეტა ქართველებივით იქცეოდნენო". მოკლედ დღეს თუ ჯერ რუსეთის ჩრდილში ვართ, ოცნების ხელისუფლების გახანგრძლივების შემთხვევაში - ჩრდილშიც აღარ ვიქნებით, უბრალოდ მის ორგანულ ნაწილად ვიქცევით და ერთ დიდ ჩრდილად, ან მსოფლიო ბოროტების აჩრდილად ვიქცევით. თუმცა ეს ასე არ მოხდება. ევროკავშირის ელჩმა გუშინ ქართულად გვითხრა: "დღევანდელ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ამიტომ ახლა მოქმედების დროა!"

მოქმედების დროა. ქართველი ხალხი მოქმედებს და ელის თავის ოჯახში დაბრუნებას... ოცნებასთან ერთად, თუ მის გარეშე..


close დახურვა